“უკრაინასა და საქართველოში რუსეთი განაგრძობს უკანონოდ ანექსირებული ტერიტორიების ოკუპაციასა და მილიტარიზაციას”, – ამის შესახებ საუბარია ამერიკელი სენატორის, რობ პორტმანის სტატიაში, რომელიც გამოცემა Wall Strees Journal-ში გამოქვეყნდა.
სტატიაში, სახელწოდებით – „როგორ შეუძლია ბაიდენს, წინ აღუდგეს პუტინს ჟენევაში“, ამერიკელი სენატორი აცხადებს, რომ საქართველო, უკრაინა და ლიეტუვა აშშ-ის საიმედო მოკავშირეები არიან.
„გასულ კვირას აღმოსავლეთ ევროპაში გავემგზავრე სენატორების მცირე, ორპარტიულ ჯგუფთან ერთად, რომ შევხვედროდი უკრაინის, ლიეტუვისა და საქართველოს ლიდერებს. ეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები აშშ-ის საიმედო მოკავშირეები გახდნენ, რადგან მათი მოქალაქეები ეძებდნენ დემოკრატიულ მომავალს მეტი თავისუფლებითა და კეთილდღეობით. მაგრამ მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ. რაც ამ მოგზაურობაში ყველაზე შემაშფოთებელი აღმოჩნდა, იყო რუსეთის განახლებული მცდელობა ამ ახალგაზრდა დემოკრატიის დესტაბილიზაციის მიმართულებით. თითოეული მათგანი რუსეთის მხრიდან მზარდი ზეწოლის წინაშეა, მათ შორის სამხედრო საფრთხეები საზღვრებზე, კიბერშეტევები და პოლიტიკური დეზინფორმაციული კამპანიები. უკრაინასა და საქართველოში რუსეთი განაგრძობს უკანონოდ ანექსირებული ტერიტორიების ოკუპაციასა და მილიტარიზაციას“, – წერს რობ პორტმანი.