მართლმადიდებლური სამყარო დღეს ამაღლებას ზეიმობს

აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს  მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს.

როგორც წმინდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.

იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს”, რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო.

აღდგომიდან ორმოცი დღის შემდეგ, იესო ქრისტე უკანასკნელად გამოეცხადა თავის მოწაფეებს იერუსალიმში და უთხრა მათ: „თქვენ დარჩით იერუსალიმში, სანამ არ შეიმოსავთ ძალას მაღლიდან. თქვენ მიიღებთ ამ ძალას, როცა თქვენზე გადმოვა სულიწმიდა; შემდეგ წადით და უქადაგეთ სახარება ყველას და ნათელი ეცით მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით”. ამ სიტყვების შემდეგ ქრისტემ აიყვანა ისინი ზეთისხილის მთაზე, აკურთხა და მათ თვალწინ ამაღლდა ზეცაში. და იქ დაჯდა მამა ღმერთის მარჯვნივ. მოციქულები იდგნენ და ზეცისკენ იცქირებოდნენ. მათ გამოეცხადათ ორი ანგელოზი, რომელთაც უთხრეს: „რატომ დგახართ და იცქირებით ზეცისაკენ? იესო, თქვენგან ზეცას ამაღლებული, მოვა ისევე, როგორც თქვენ იხილეთ იგი აღმავალი ზეცას”. მოციქულებმა თაყვანი სცეს ქრისტეს და სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში.

ქრისტე გაშლილი, მაკურთხეველი ხელებით ამაღლდა ზეცად. ელეონის მთასთან მდგარი მოწაფეები პირველ ქრისტიანულ ეკლესიას წარმოადგენდნენ. სიყვარულითა და იმედით აღსავსე ეს ეპიზოდი არის ნიშანი და აღთქმა იმისა, რომ კურთხევა ღვთისა მუდამ ჰგიებს ეკლესიაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები