მოსკოვში ეპიდვითარება გაუარესდა – ქალაქის მთავრობა დამატებით საავადმყოფოებს ხსნის

მოსკოვში, საზოგადოებრივ ადგილებში პირბადისა და ხელთათმანის ტარების რეჟიმი გამკაცრდა.

ამის შესახებ მედიას რუსეთის დედაქალაქის მთავარი მაკონტროლებელი სამმართველოს ხელმძღვანელმა, ევგენი დანჩიკოვმა განუცხადა.

დღეს გახდა ცნობილი, რომ მოსკოვში, 16 იანვრიდან პირველად, ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 4124-ს მიაღწია.​

როგორც დანჩიკოვმა თქვა, “მოსკოვში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება, იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი. ამ თვალსაზრისით, დღეიდან გაძლიერდება კონტროლი მოქალაქეების მიერ პირადი დამცავი აღჭურვილობის გამოყენებაზე საზოგადოებრივ ადგილებში, მათ შორის, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მეტროში, სავაჭრო და გასართობ ცენტრებში, ისევე როგორც სხვა ადგილებში, სადაც მოქალაქეები იკრიბებიან”.

მისი თქმით, ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს ჯარიმას 4-დან 5 ათას რუბლამდე.

ამასთანავე, როგორც ქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, ამჟამად, მოსკოვში ე.წ. ლოქდაუნის გამოცხადების აუცილებლობა არ არის.

ამავე დროს, მერმა სთხოვა კვების, რესტორნის ბიზნესსა და ყველას, ვინც სავაჭრო სერვისით არის დაკავებული, დაიცვან სანიტარიული ნორმები.

”ეს ჩვენი საერთო ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ქალაქის ეკონომიკას და, რა თქმა უნდა, მოვუწოდოთ ჩვენს კოლეგებსა და მეგობრებს, რაც შეიძლება სწრაფად გაიკეთონ ვაქცინა,” – დასძინა მან.

ასევე, ქალაქის ხელმძღვანელობა უახლოეს დროში ვირუსთან ბრძოლისთვის დამატებითი საავადმყოფოების გახსნას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები