ნიკა მელია – უმრავლესობას: გახარია იძულებული რომ არ გამეხადა, გადამდგარიყო, დღესაც დაუკრავდით ტაშს, ეს არის თქვენი რეალური სახე

“დღეს გახარიას უძღვნით პასკვილებს, მას დებთ პოლიტიკურ მიწაში, აბრალებთ ყველაფერს. ის ცალკე საკითხია, რაც მას „იმედმა“ მიუძღვნა. გამოჩნდა, მართლაც რამხელა ნეპოტისტური ქსელი ჰქონია ამ ადამიანს”, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, დღეს უმრავლესობის წევრები გიორგი გახარიას უპირისპირდებიან, როცა რამდენიმე კვირის წინ მას იცავდნენ.

„ამ დარბაზში რამდენჯერმე მომეცა საშუალება, თქვენს უახლოეს მეგობართან მქონოდა პოლიტიკური დებატები, საკმაოდ მწვავე დებატები იყო გიორგი გახარიასთან. კარგად მახსოვს, როგორ გამალებით იცავდით მას. ფიზიკურ დაპირისპირებასაც კი არ ერიდებოდით ჩემთან მის გამო. დღეს გახარიას უძღვნით პასკვილებს, მას დებთ პოლიტიკურ მიწაში, აბრალებთ ყველაფერს. ის ცალკე საკითხია, რაც მას „იმედმა“ მიუძღვნა. გამოჩნდა, მართლაც რამხელა ნეპოტისტური ქსელი ჰქონია ამ ადამიანს. ის რომ დღესაც ყოფილიყო თქვენი პრემიერი და იძულებული არ გამეხადა, გადამდგარიყო, ნებისმიერი თქვენგანი ხმას ამოიღებდით? ნებისმიერი თქვენგანი კვლავ ტაშს დაუკრავდით ამ ადამიანს. ეს არის თქვენი რეალური პოლიტიკური სახე. ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენი თავის არსებობისაც კი არ გჯერათ. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც შემთხვევით, დროებით აღმოჩნდით ხელისუფლებაში“, – განაცხადა მელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები