ალეკო ელისაშვილი: მაქვს ობიექტური და გონივრული მოლოდინი, რომ ამ პროცესის შედეგად პენსიონერები შეიტყობენ მათთვის ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან საინტერესო ინფორმაციას
“მაქვს ობიექტური და გონივრული მოლოდინი, რომ ამ პროცესის შედეგად პენსიონერები შეიტყობენ მათთვის ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან საინტერესო ინფორმაციას”, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ალექსანდრე ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„მინდა, პენსიონერებს ანგარიში ჩავაბარო იმიტომ, რომ ყველამ იცის, ჩვენ ვართ შეჭიდებული ამ საკითხს. გვინდა, რომ ეს არაადამიანური პროცენტი სესხებზე იყოს ადამიანური პენსიონერებისთვის, რომლებისთვისაც თითოეულ თეთრსა და თითოეულ ლარს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. პარლამენტში შექმნილია ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც, ერთი მხრივ, ირკალი ზარქუაა ჩართული, ხოლო მეორე მხრივ – მე და ლევან იოსელიანი ვმონაწილეობთ.
მინდა, პენსიონერებს მივაწოდო ინფორმაცია, რომ ჩვენ უბრალოდ განცხადებებისთვის არ ვლაპარაკობთ ამ პრობლემასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან იყო შეხვედრა, მისი ორგანიზებით. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც სამუშაო ჯგუფის წევრები, იყვნენ ფინანსთა სამინისტროს და ჯანდაცვის წარმომადგენელები, ლიბერთი ბანკის ხელმძღვანელობა. ეს თემა გაჩერებული არ არის, ეს თემა არის დაძრული. არ მინდა მოვლენებს გავასწრო, მაგრამ მაქვს ობიექტური და გონივრული მოლოდინი, რომ ამ პროცესის და განსაკუთრებით, ამ შეხვედრის შედეგად პენსიონერები შეიტყობენ მათთვის ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან საინტერესო ინფორმაციას”, – განაცხადა ელისაშვილმა.