ტარიელ ნაკაიძე – „ შევწყვიტოთ პოლიტიკური კინკლაობა, ჩავიდეთ რეგიონებში და დავინახოთ იქ არსებული პრობლემები”
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ტარიელ ნაკაიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს რეგიონებში ჩასვლასა და იქ არსებულ პრობლემების გაცნობისკენ მოუწოდებს.
დეპუტატმა აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც ხულო-ზარზმის საავტომობილო მონაკვეთის მშენებლობის პრობლემებზე ისაუბრა.
„ეს გზა ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ, გახსოვთ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, როდესაც გორში ავტომაგისტრალი გადაიკეტა, ეს გზა ერთ-ერთი ალტერნატიული გზა იყო, საიდანაც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დაკავშირება შეიძლებოდა. იქნებ ჩავიდეთ რეგიონებში, მმართველი პარტიის წარმომადგენლებო, დავინახოთ პრობლემები და ეს პრობლემები მოვაგვაროთ. პოლიტიკური კინკლაობა რომ შევწყვიტოთ, გაცილებით უკეთესი იქნება”, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.