იენს სტოლტენბერგი ჯო ბაიდენს შეხვდა
ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სტოლტენბერგმა და ბაიდენმა 14 ივნისს დაგეგმილი, ნატო-ს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს.
სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს მისი ლიდერობისა და ნატო-სადმი ძლიერი ვალდებულებისთვის. ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ის და აშშ-ის პრეზიდენტი შეთანხმდნენ სულ უფრო კონკურენტულ მსოფლიოში ალიანსის გაძლიერების მნიშვნელობაზე, ასევე, იმაზე, რომ ნატო-2030-ის ინიციატივის ფარგლებში მიღებული ამბიციური გადაწყვეტილებები ალიანსს მომავლისთვის მოამზადებს.
დაგეგმილია შეხვედრები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან და კონგრესის წევრებთან, ასევე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან.