მამუკა მდინარაძე: ძალიან უხერხულია საუბარი, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ განცხადებით პოლიტიკაში დაბრუნდა
“ადამიანს, რომლის სახელითაც სპეკულირებენ, თავისუფლად შეუძლია, გამოვიდეს და თქვას, რომ ეს არის ჭორი, ტყუილი და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე საუბრისას თქვა.
მისივე თქმით, ძალიან უხერხულია საუბარი, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ განცხადებით პოლიტიკაში დაბრუნდა.
„ადამიანს, რომლის სახელითაც სპეკულირებენ, თავისუფლად შეუძლია, გამოვიდეს და თქვას, რომ ეს არის ჭორი, ტყუილი და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. როდესაც ადამიანის სახელით სპეკულირებენ და ავრცელებენ ჭორებს და ამ ჭორების საფუძველზე ცდილობენ, გარკვეულ წარმატებას მიაღწიონ არჩევნებში და 3-4 პროცენტი მაინც ჩამოატეხონ რეიტინგსა და საარჩევნო შედეგებში „ქართულ ოცნებას“, მათი მხრიდან ჭორაობაზეც ძალიან უხერხულია საუბარი და იმაზეც ძალიან უხერხულია საუბარი, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ განცხადებით პოლიტიკაში დაბრუნდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი.