გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი ვალდებული იყო, საზოგადოებისთვის სიმართლე ეთქვა

პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი “ქართული ოცნების” დამფუძნებლის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ვალდებული იყო, საზოგადოებისთვის სიმართლე ეთქვა.

ვოლსკიმ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პოლიტიკური ნაბიჯებიც შეაფასა.

„პირველი, რაც უნდა აღვნიშნო, არის გიორგი გახარიას ძალიან მკაცრი და გადაჭარბებულად ხისტი კომენტარები, პოზიცია, რომელიც მან უმრავლესობის შეხვედრაზე გამოხატა. გაცილებით უფრო მკაცრად, ვიდრე მას ჩვევია. მათ შორის, პარლამენტის ტრიბუნიდან იგი „ნაციონალურ მოძრაობის” მიმართ ამბობდა, რომ ეს პოლიტიკური ძალა უნდა დაამთავროს. გაცილებით ხისტი იყო შეხვედრაზე, როდესაც მოითხოვდა, რომ სასწრაფოდ მოხსნოდა დეპუტატის იმუნიტეტი. მეტამორფოზა, რომელიც ვიხილეთ იმ პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს ინტერესები სხვა ქმედებებს მოითხოვდა პრემიერისგან, უმკაცრესად უნდა შეფასდეს. ბიძინა ივანიშვილი ვალდებულიც იყო, საზოგადოებისთვის ეთქვა სიმართლე. ამ პრემიერმინისტრის არაადეკვატურ მოქმედებებს დაემატა ინტენსიურად გავრცელებადი ჭორი, თითქოს, ამას კავშირი აქვს ივანიშვილის ინტერესებთან. თითქოს, ეს არის გარკვეულ სცენარს დაქვემდებარებული. მისი ხედვა არის გარკვეული ვალდებულება საზოგადოების წინაშე, რომელსაც არასდროს გაურბოდა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: “შევიტყვე მოარული თუ შეგნებულად გავრცელებული ხმების შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, გიორგი გახარიას პარტია ჩემი ე.წ. პოლიტიკური პროექტია. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა საქართველოში წლების განმავლობაში ფართოდ დანერგილი მანკიერი პრაქტიკა იყო. თუმცა, ამგვარი რამ ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები