პუტინმა “ღია ცის” შეთანხმების დენონსირებას მოაწერა ხელი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა “ღია ცის” შეთანხმების დენონსირებას მოაწერა ხელი. ამიერიდან შესაბამის შეტყობინებას დეპოზიტარებს – უნგრეთსა და კანადას გაუგზავნიან, 6 თვეში კი შეთანხმებაში რუსეთის ყოფნა შეწყდება.

აშშ-მა “ღია ცის” შეთანხმებიდან გასვლის პროცედურა 2020 წლის მაისში დაიწყო, რომელიც 22 ნოემბერს დასრულდა.

2021 წლის 15 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შეთანხმებიდან გასვლის შიდა პროცედურებს იწყებენ.

“ღია ცის” შეთანხმებას ხელი 1992 წლის 24 მარტს ჰელსინკში ეუთო-ს 23 წევრი-ქვეყნის მიერ მოეწერა. შეთანხმების მიზანია მონაწილე ქვეყნების მიერ ერთმანეთის ტერიტორიებზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელება. 2017 წლის მდგომარეობით, შეთანხმების წევრი ქვეყნების რაოდენობა 34-მდე გაიზარდა. დოკუმენტზე ხელი საქართველოსაც აქვს მოწერილი, რუსეთმა კი შეთანხმება 2001 წლის 26 მაისს გაიზიარა.

შეთანხმების ფარგლებში, ფრენების კვოტირების სისტემა არსებობს. 2017 წელს, მაგალითად, რუსეთსა და ბელარუსს, რომლებიც ერთ ჯგუფად მიიჩნევიან, 42 ფრენის განხორციელება შესაძლებლობა მიეცათ. საპასუხოდ, წევრმა ქვეყნებმა რუსეთის ტერიტორიაზე 34 სადამკვირვებლო ფრენა განახორციელეს.

აშშ-ის მხრიდან შეთანხმებიდან გასვლის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ის, რომ რუსეთი სადამკვირვებლო ფრენებს ზღუდავს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ.საზღვრებიდან 10 კმ რადიუსში, რადგან მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს და აცხადებს, რომ ისინი შეთანხმების მონაწილე ქვეყნები არ არიან; ასევე, მიზეზად სახელდება ანექსირებულ ყირიმში საწვავის შევსებისთვის განკუთვნილი აეროდრომის მოწყობასა და კალინინგრადის ოლქის თავზე სადამკვირვებლო ფრენების შეზღუდვა. გარდა ამისა, საუბარია მოსკოვის მიერ კალინინგრადთან, პოლონეთთან, ლიეტუვასთან ფრენებზე შეზღუდვების დაწესებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები