ლაშა დამენია: გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტად რჩება
“ახლა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია, გახარია აქციოს თითქოს ოპოზიციურ ფლანგზე მოთამაშედ, სწორედ ამიტომ აკეთებს ამ განცხადებას”, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ლაშა დამენია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მისამართით გაკეთებულ განცხადებას.
ლაშა დამენიას აზრით, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტად რჩება.
„რეფერენდუმად ქცეულ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ ეშინია. ამ გეგმებში საკმაო ცვლილებები შეიტანა გახარიას გამოჩენამ პოლიტიკურ ველზე, ახლა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია, გახარია აქციოს თითქოს ოპოზიციურ ფლანგზე მოთამაშედ, სწორედ ამიტომ აკეთებს ამ განცხადებას. რა თქმა უნდა, გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტად რჩება, მისი მოღვაწეობის პერიოდში, პრემიერმინისტრობის თუ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე, ის ყოველთვის იყო მონურ მორჩილებაში და არც არასდროს წასულა იმ ორბიტიდან, რასაც ბიძინა ივანიშვილის გავლენები ჰქვია”, – აღნიშნა ლაშა დამენიამ.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: “შევიტყვე მოარული თუ შეგნებულად გავრცელებული ხმების შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, გიორგი გახარიას პარტია ჩემი ე.წ. პოლიტიკური პროექტია. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა საქართველოში წლების განმავლობაში ფართოდ დანერგილი მანკიერი პრაქტიკა იყო. თუმცა, ამგვარი რამ ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა”.