თამარ კორძაიამ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა
თამარ კორძაიამ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა. ამის შესახებ კორძაია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
მისი თქმით, პარლამენტში საქმიანობას გააგრძელებს, როგორც პარლამენტის უპარტიო და უფრაქციო წევრი.
„გუშინ, 2021 წლის 3 ივნისს დასრულდა ჩემი ექვსწლიანი თანამშრომლობა ,,რესპუბლიკურ პარტიასთან” და პარტიის თავმჯდომარეს მივმართე განცხადებით წევრობის დატოვების თაობაზე. მადლობას ვუხდი ყველას იმ მრავალფეროვანი გამოცდილებისთვის, რაც შევიძინე ამ წლების განმავლობაში.
ვფიქრობ, პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან სამომავლო თანამშრომლობა უნდა გაგვეგრძელებინა რესპუბლიკური პარტიის ორ წევრს, უფრაქციოდ/დამოუკიდებლად საქმიანობით, პარლამენტის ტრიბუნიდან თამამი რესპუბლიკური იდეების გახმოვანებითა და ბრძოლით.
მართალია, არ ვეთანხმები, მაგრამ მესმის ,,რესპუბლიკური პარტიის” გადაწყვეტილების. წარმატებებს ვუსურვებ.
პარლამენტში საქმიანობას გავაგრძელებ, როგორც პარლამენტის უპარტიო და უფრაქციო წევრი“, – წერს თამარ კორძაია.