პოლიციამ ჩუმლაყში აპრილში მომხდარ დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ჭ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, მიმდინარე წლის აპრილის თვეში ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი – 1971 წელს დაბადებული დ.ნ. ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს”, – აღნიშნულია განცხადებაში.