“უკრაინას და საქართველოს აქვთ ძალიან ბევრი საერთო გამოწვევა, საერთო ინტერესები, დღეს განვიხილეთ არაერთი საკითხი, რომელიც ეხება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, მრავალმხრივ ურთიერთობებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერმინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინელ კოლეგასთან ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო შეშფოთება გამოხატა.
„მე მოხარული ვარ, რომ ბატონი დენის შმიგალი სტუმრობს ჩვენს ქვეყანას. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყნებს აქვთ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა. ჩვენს ხალხებს შორის არსებობს ძალიან თბილი, მეგობრული ურთიერთობა და ამას ადასტურებს ჩვენი დღევანდელი ვიზიტიც. უკრაინასა და საქართველოს აქვს ძალიან ბევრი საერთო გამოწვევა, საერთო ინტერესები და ჩვენ დღეს განვიხილეთ არაერთი საკითხი, რომელიც ეხება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, მრავალმხრივ ურთიერთობებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვაჩნია საერთო გამოწვევები და პრობლემა, როგორიც არის რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეები და ოკუპაციის მძიმე შედეგები. ჩემს კოლეგასთან, რა თქმა უნდა, გამოვხატე ჩვენი ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან, დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო. მე მას დავუდასტურე ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.