ალეკო ელისაშვილი: თუ ვინმეს პოლიტიკური საქმიანობა უნდა, მაშინ გაიხადოს ანაფორა
“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებებს ეხმაურება.
ელისაშვილისთვის სასულიერო პირისგან პოლიტიკური განცხადებები მიუღებელია.
“ეპისკოპოსები, საპატრიარქოს თუ ეკლესიის წარმომადგენლები პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ. თუ ვინმეს პოლიტიკური განცხადებების გაკეთება უნდა, უნდა პოლიტიკური საქმიანობა, მაშინ გაიხადოს ანაფორა. არავინ უშლის ხელს, არც რჯულის კანონი, არც კონსტიტუცია. ჩაიცვან პიჯაკი და ჩაერთონ აქტიურ პოლიტიკაში.
ჩემთვის მიუღებელია, როდესაც მაღალი სასულიერო პირები აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს”, – ამბობს ელისაშვილი.
ცნობისთვის, მეუფე იაკობმა განაცხადა: “მე ვთქვი, რომ ჩვენ ჩავუდგებით ახალ ძალას. მოფიქრებული გვაქვს, რაც უნდა გავაკეთოთ. არც მხარდაჭერა გაგვიჭირდება და არც არაფერი არჩევნებში გასამარჯვებლად. პირადად გეუბნებით, ახალ ძალებს ჩავუდგები სათავეში”.