სალომე სამადაშვილი: ადამიანი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ პრემიერი იყო, ისეთი გზავნილებით გვესაუბრება, თითქოს, სხვა პლანეტიდან ჩამოფრინდა
“გახარია, ფაქტობრივად, არანაირად არ ემიჯნება იმ ყველაფერს, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობასთან არის დაკავშირებული – კორუფციას, მოქალაქეებზე ძალადობას და ა.შ.”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა ყოფილ პრემიერზე, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერზე, გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გახარიას პოლიტიკური პროექტი წარუმატებელი იქნება.
“ადამიანი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ იყო პრემიერი, წლების მანძილზე იყო მთავარი მოთამაშე “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ბანაკში, გვესაუბრება ისეთი გზავნილებით, თითქოს, რაღაც სხვა პლანეტიდან ჩამოფრინდა გუშინ და მხსნელად მოევლინა ქართველ ხალხს. ძალიან კომიკურია იმაზე საუბარი, რომ გახარია ოპოზიციისთვის რაიმე სახის საფრთხეს წარმოადგენს. მოვისმინეთ მისი გამოსვლა, ძალიან არაშთამბეჭდავი იყო, ძალიან ბევრი ტყუილი იყო. ის, ფაქტობრივად, არანაირად არ ემიჯნება იმ ყველაფერს, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობასთან არის დაკავშირებული: კორუფციას, მოქალაქეებზე ძალადობას და ა.შ. ამიტომ, ვფიქრობ, გახარიას პოლიტიკური პროექტი საკმაოდ წარუმატებელი იქნება, თუმცა, “ქართულ ოცნებას”, ალბათ, რაღაც რაოდენობის ხმებს წაართმევს. ბიძინა ივანიშვილმა კარგად გააცნობიერა, რომ “ქართული ოცნება” ხელისუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს და რაღაც ტიპის კოალიციის ფორმირებას შეეცდება სხვადასხვა მოთამაშით, მათ შორის, შესაძლოა, გახარიასთანაც. მაგრამ იმდენად დისკრედიტებულია უკვე „ქართული ოცნება“, ვფიქრობ, ივანიშვილის მცდელობა, შექმნას სატელიტური პარტიები „ქართული ოცნებისთვის“ და კოალიციის გზით შეინარჩუნოს ხელისუფლება, სრული კრახისთვის არის განწირული”, – განაცხადა სამადაშვილმა.