ამირან გამყრელიძე: არის დისკუსია, რომ პირბადე იყოს სავალდებულო მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში
არის დისკუსია, რომ პირბადე იყოს სავალდებულო მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჯობს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ყოველ შემთხვევაში ივნისში, პირბადე იყოს აუცილებელი ატრიბუტი.
„პირბადეს ვტოვებთ იმიტომ, რომ ჯერჯერობით კორონავირუსის შემთხვევების ახალი რიცხვი არის ასეულების ფარგლებში და რადგან პირბადე არის ინფექციის გავრცელების ყველაზე უფრო იოლი და ძლიერი პრევენციული საშუალება. ჩემი რეკომენდაცია არის, რომ ჯერჯერობით ჩვენ პირბადე არ უნდა მოვიხსნათ, თუმცა არის დისკუსია იმაზეც, რომ პირბადე იყოს სავალდებულო გარეთ მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში, როგორიც არის გაჩერებები, დიდი სამოძრაო ქუჩები, მაგალითად, თბილისში რუსთაველის გამზირი ან ბათუმში ბულვარი და ა.შ. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ჯობს ჯერ, გარკვეული პერიოდი, ყოველ შემთხვევაში ივნისში, პირბადე იყოს აუცილებელი ატრიბუტი ჩვენი ცხოვრების“, – განაცხადა გამყრელიძემ.