სახელმწიფო პროგრამის – „დანერგე მომავალი“ მოქმედების არეალი ფართოვდება

დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო პროგრამაში – „დანერგე მომავალი“ ცვლილებები დაამტკიცა.

ცვლილებების თანახმად, პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ არეალზე არსებული შეზღუდვა მოიხსნა, შესაბამისად, ბაღების გასაშენებლად თანადაფინანსება შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამაში ცვლილებებით დაზუსტდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის დასაფინანსებელი ჰექტრებისა და თანადაფინანსების მოცულობა.
ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუფინანსდებათ ვაშლის, მსხლისა და ბლის ბაღებისთვის განკუთვნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 10%, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 20%, კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება არაუმეტეს 50 ჰა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობა. ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობის შემთხვევაში კი, თანადაფინანსება მოხდება ღირებულების არაუმეტეს 50%-ისა (ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 15,000 ლარისა), ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში − არაუმეტეს 60%-ისა (ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 18,000 ლარისა), – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები