ალეკო ელისაშვილი – ,,ნაცმოძრაობაზე”: არაფერი უნდათ, ხელს არ აწერენ და რატომ შემოდიან, სკამები ეხარბებათ? მათი საქციელი არის უმსგავსობა
“არაფერი უნდათ, ხელს არ აწერენ და რატომ შემოდიან, სკამები ეხარბებათ? მათი საქციელი არის უმსგავსობა”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ,,ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
მისივე თქმით, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა სიკეთით ისარგებლა.
„სინდისსა და ნამუსზე რომ არ ვილაპარაკოთ, როგორ აკეთებენ ამას? – დოკუმენტის შედეგად, მათი ლიდერი გამოვიდა ციხიდან, ასევე, გიორგი რურუა. საარჩევნო რეფორმა ხორციელდება, რომლის სიკეთით ისარგებლებს როგორც პარტია, ასევე, მართლმსაჯულებით ისარგებლებს ყველა. ამას ხელს არ აწერ, რატომ შემოდიხარ პარლამენტში და რის ფასად? ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო საარჩევნო რეფორმა და ამის ფასად შემოვდიოდით. არც ეს უნდათ, არაფერი უნდათ, ხელს არ აწერენ და რატომ შემოდიან, სკამები ეხარბებათ? მათი საქციელი არის უმსგავსობა და უპასუხისმგებლობა. სხვისი ხელით უნდათ ეკლის და ნარის კრეფა. უნდათ, რომ ჩვენ გავილანძღოთ, უმნიშვნელოვანესი რეფორმები გავატაროთ, ყველაფერი ჩვენ გავაკეთოთ, თავად კი, ჩვენ გვლანძღონ და სავარძლებში დასკუპტდნენ. ვისურვებდი, აქ რომ შემოვლენ რაღაც შოუების დადგმაზე, ზიზღისა და სიძულვილის ფრქვევაზე კი არ იფიქრონ, არამედ საქმესა და ხალხის პრობლემებზე ვისაუბროთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.