თორნიკე შარაშენიძე: გახარია ,,ოცნების” გულანთებული წევრი არასოდეს ყოფილა
“გახარია ,,ოცნების” გულანთებული წევრი არასოდეს ყოფილა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, თორნიკე შარაშენიძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
ანალიტიკოსმა 20 ივნისის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ქაოსი რიგითი პოლიციელების დაუდევრობამ გამოიწვია.
,,ადგილობრივ არჩევნებზე ხელისუფლებას ყოველთვის აქვს უპირატესობა. ამომრჩეველმა იცის, რომ ამ არჩევნებით ხელისუფლება არ იცვლება და საქმეს არ ირთულებს. ხელისუფლებაც ჩვეულებრივ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. აქედან გამომდინარე, ,,ქართული ოცნება” თუ არ გაგიჟდა და თავი არ აიფეთქა, მოგების შანსი აქვს.
ოპოზიცია ვერ მოახერხებს ერთიანი სტრატეგიის შემუშავებას. ხომ ხედავთ, ყველა წვრილმანზე ხოცავენ ერთმანეთს.
გახარიას გამოჩენა პოლიტიკურ მოცემულობას ვფიქრობ, შეცვლის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ყურადღების ცენტრში ვერ მოექცეოდა. ოპოზიციური ამომრჩევლის გულის მოგება ნამდვილად გაუჭირდება, თუმცა, არსებობს ნეიტრალურად განწყობილი ამომრჩეველიც, რომელსაც გახარია მიაჩნია კარგ მენეჯერად.
თუ გახარია თავს გამოიჩენს ხელისუფლების საქმიანი კრიტიკით და მისი ქმედებებიც შესაბამისი იქნება, მაშინ დავიჯერებ, რომ მისი ხელისუფლებიდან წამოსვლის მიზეზი პარტიასა და ხალხს შორის ხიდის ჩატეხა იყო. რაც შეეხება ოპოზიციონერ ლიდერებს, როგორც მახსოვს, ძალიან გახარებულნი იყვნენ, პრემიერის პოსტი რომ დატოვა, ამბობდნენ, ივანიშვილს ეგ დაამარცხებსო, ახლა რა შეიცვლება?
გახარია არასდროს იყო ახლო ურთიერთობაში პარტიის სხვა ლიდერებთან, არც ,,ოცნების” გულანთებული წევრი ყოფილა. ის გახლდათ მენეჯერი, რომელიც საკმაოდ გვიან შეუერთდა ,,ქართულ ოცნებას”.
რაც შეეხება 20 ივნისის ამბებს, ეს უთავბოლობის ბრალია. ჩემი აზრით, ერთმა პოლიციელმა გაისროლა, მერე სხვებიც აჰყვნენ და ამან გამოიწვია სრული ქაოსი. ჩემს ვერსიას ადასტურებს ოპოზიციონერების მონათხრობი, რომ გახარია რაციაში გამწარებული ყვიროდა, ვინ გასცა სროლის ბრძანებაო. თუ ვინ გასცა ბრძანება, ამაზე დამაჯერებელი პასუხი დღემდე არ არსებობს. შესაბამისად, ასეთი ბრძანების გამცემი უბრალოდ არ არსებობს. ისე, მართლაც, ვის უნდა გაეცა ბრძანება, ხალხს დამიზნებით, თვალებში ესროლეთო”, – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
ცნობისთვის, 29 მაისს ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ ახალი პარტიის – ,,საქართველოსთვის” პრეზენტაცია გამართა.