კონსერვაციის მიზნით, „პომპეუსის ხიდის“ მდგომარეობას ექსპერტები შეისწავლიან

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, მცხეთაში მდებარე „პომპეუსის ხიდს“, კონსერვაციის მიზნით, ექსპერტები შეისწავლიან, – ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ხიდის მდგომარეობას შეისწავლის ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციის სანებართვო პირობების კონტროლის განყოფილების უფროსი ნიკოლოზ ზაზუნიშვილი, საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის წარმომადგენელი, არქეოლოგი პროფესორი ვახტანგ ჯაფარიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი ვახტანგ ნიკოლაიშვილი, არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე, არასამთავრობო, პროფესიული ორგანიზაცია ICOMOS საქართველო დამფუძნებელთა საბჭოს წევრი მერაბ ბოჭოიძე, არქიტექტორ-რესტავრატორი გია ციციშვილი, კონსტრუქტორი ზურაბ გუბელაძე, კონსტრუქტორი ზურაბ ოქროშიძე, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი ჭანიშვილი, ხიდებისა და გვირაბების პროექტირების სპეციალისტი ჯუმბერ ვაშაკიძე და სამეცნიერო და კონსტრუქტორული კვლევითი სამუშაოების სპეციალისტი იოსებ მიქაძე.

ბოლო რამდენიმე წელია, მცხეთის მოსახლეობა ითხოვს ე.წ. „პომპეუსის ხიდის“ მდგომარეობის შესწავლას, რომელიც ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის აშენების (1927წ) შემდეგ წყლით არის დაფარული. ძეგლის შესწავლისა და შემდგომში მისი კონსერვაციის გეგმის შედგენის მიზნით, კულტურის სამინისტროს შუამდგომლობით, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ დროებით წყლისგან გაათავისუფლა ხიდი და სპეციალისტებს საშუალება მიეცათ, დაიწყონ ძეგლის მდგომარეობის შესწავლა.

მცხეთის ძველი („პომპეუსის“) ხიდი მდებარეობს მცხეთის შესასვლელთან, მტკვრის კუნძულოვან ზონაში. სამეცნიერო ლიტერატურასა და ადგილობრივ მოსახლეობაში, მტკვარზე გადებული ძველი ხიდი, რომელიც ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის აშენების, 1927წლის შემდეგ თითქმის ყოველთვის დაფარულია წყლით, უფრო ხშირად მოიხსენიება, როგორც „პომპეუსის ხიდი“, თუმცა ხიდი პომპეუსამდეც არსებობდა და მისი აშენება რომაელ სარდალს არ უკავშირდება.

28 მაისს ძეგლი კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა არქტიტექტორ-რესტავრატორებთან ერთად მოინახულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები