ჯანმო: “კოვაქსს” ივნისში შესაძლოა, ვაქცინის 190 მილიონი დოზის დეფიციტი ჰქონდეს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ COVAX-ის საერთაშორისო მექანიზმი უკვე ივნისში შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 190 მილიონი დოზის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს, რაც ინდოეთში ვირუსით ინფიცირების მზარდ მაჩვენებელს უკავშირდება.
”ინდოეთში ვირუსის საშინელმა აფეთქებამ სერიოზულად იმოქმედა COVAX- ის მიწოდებაზე მეორე კვარტალში, იმ დონემდე, რომ ივნისის ბოლოს 190 მილიონი დოზის დეფიციტი შეგვექმნება”, – ნათქვამია ჯანმო-ს განცხადებაში.
ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ COVAX-ის ფარგლებში თებერვლიდან ვაქცინის 70 მილიონი დოზა გაიგზავნა 126 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. ამავდროულად, 35-მა ქვეყანამ პრეპარატის პირველი დოზა სწორედ ამ პლატფორმის წყალობით მიიღო.
ჯანმო მოუწოდებს მსოფლიოს ქვეყნებს, შეასრულონ “კოვაქსის” წინაშე აღებული ვალდებულებები, რაც მის დაფინანსებასა და ვაქცინების გამოყოფას გულისხმობს.
”თუ მსოფლიო ლიდერები ერთობლივად იმოქმედებენ, COVAX-ის თავდაპირველი მიზნების შესრულება ჯერ კიდევ იქნება შესაძლებელი, რაც დაბალშემოსავლიან 92 ქვეყანაში 2021 წელს 2 მილიარდი დოზის მიწოდებას, ხოლო 2022 წელს 1,8 მილიარდი დოზის მიწოდებას გულისხმობს”, – ნათქვამია განცხადებაში.