გენადი არველაძემ მალტის ტურიზმის მინისტრთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

საქართველოსა და მალტას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და პანდემიის შედეგად ტურისტული ინდუსტრიის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ და მალტის ტურიზმის მინისტრმა, კლეიტონ ბარტოლომ.

აღინიშნა, რომ ტურიზმი ორივე ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი სექტორია. ამდენად, პანდემიის შედეგად როგორც საქართველოს, ასევე მალტის ტურისტულ ინდუსტრიას მსგავს გამოწვევებთან მოუწია გამკლავება. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება ტურიზმის სექტორის მხარდაჭერის კუთხით და ისაუბრეს იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც მათ როგორც ზოგადად ეკონომიკის, ასევე, კონკრეტულად ტურისტული სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით განახორციელეს.

მინისტრის მოადგილემ მალტის ტურიზმის მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ წარადგინა საკუთარი კანდიდატურა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობაზე. კენჭისყრა მიმდინარე წლის ივნისში უნდა გაიმართოს.
გენადი არველაძემ კლეიტონ ბარტოლოს არჩევნებში მხარდაჭერა სთხოვა.

დასასრულ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც ორმხრივ, ასევე, რეგიონულ ფორმატში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები