მიმდინარე წელს 4 062 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი კონფისკაციას დაექვემდებარა
სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტომ არარეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის ფაქტები გამოავლინა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან სულ ჩამორთმეული იქნა და კონფისკაციას დაექვემდებარა 4 062 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი. გარდა ამისა, სააგენტომ ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის დაწყების პროცედურული დარღვევებიც გამოავლინა. რეალიზაციის დაწყება, ისევე როგორც დასრულება, საჭიროებს სააგენტოში სავალდებულო შეტყობინების წარდგენას. მიმდინარე წელს, 20 მაისამდე პერიოდში გამოვლენილ იქნა სულ 82 ასეთი შემთხვევა.
მათ შორის, საბაჟო აღნუსხვის ფორმების დამუშავების შედეგად გამოვლენილ იქნა 70 შემთხვევა, როდესაც ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას ახორციელებდა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე.
რაც შეეხება მიმოქცევის, რეალიზაციის დასრულების ფაქტს, ესეც გამოკვეთილი იქნა ფარმაცევტული ბაზრის კონტროლის ღონისძიებების შედეგად და დადასტურდა, რომ 33 შემთხვევაში მეწარმეს დასრულებული ჰქონდა ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია, ხოლო სავალდებულო შეტყობინება სააგენტოში არ იყო წარმოდგენილი. გარდა ზემოაღნიშნულისა, მიკვლევადობის ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარე წელს დადასტურებული იქნა ფარმაცევტული პროდუქტის შეფუთვა-მარკირების დარღვევის 10 ფაქტი.