მარიამ ჩახვაშვილი: სემეკ-ს რომ დღეს არ მიეღო ეს გადაწყვეტილება, მომავალში გაზი უფრო მეტად გაძვირდებოდა

„გალთ ენდ თაგარტის“ უფროსი ანალიტიკოსი, მარიამ ჩახვაშვილი მიიჩნევს, რომ თუ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) დღეს არ მიიღებდა ბუნებრივი გაზის ტარიფის ცვლილების გადაწყვეტილებას, მომავალში ბევრად უფრო მეტით მოუწევდა ტარიფის აწევა.

„როდესაც არსებული ტარიფი დადგინდა, 1 აშშ დოლარი, დაახლოებით, 2,7 ლარი ღირდა. დღეს დოლარი უკვე 3,3 ლარი ღირს. ამ კურსის ცვლილების გამო კომპანია „თბილისი ენერჯის“ დაახლოებით 20 მლნ ლარის ოდენობის ზარალი დაუგროვდა და ამ ზარალის კომპენსირებისთვის ტარიფის გადახედვა გახდა საჭირო. სემეკს რომ ეს დღეს არ გაეკეთებინა, წლის ბოლოს, ან მომავალი წლის ბოლოს მაინც მოუწევდა ამის გაკეთება, როდესაც ბევრად მეტი ვალი დაუგროვდებოდა კომპანიას და ტარიფის კორექცია გაცილებით მეტად მოხდებოდა“, – აცხადებს „გალთ ენდ თაგარტის“ უფროსი ანალიტიკოსი.

მარიამ ჩახვაშვილის თქმით, „ზოგადად, ტარიფის გადახედვა უბრალოდ არ ხდება.
კომპანია ტარიფის სულ მცირე 10%–იან ცვლილებას უნდა ითხოვდეს, რომ სემეკმა საკითხი განხილვაში მიიღოს და მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს მარეგულირებელს პერიოდის შიგნით გადახედოს ტარიფს“. სემეკმა 27 მაისს „თბილისი ენერჯის“ ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი 8 თეთრით გაუზარდა – 54 თეთრამდე ერთ კუბურ მეტრზე. გადაწყვეტილება ძალაში 1–ელი ივნისიდან შედის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები