მედია: რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე ეუთო-ს მანდატის გაგრძელებას არ აპირებს
რუსეთს უკრაინის საზღვარზე ეუთო-ს მისიის გაგრძელება მხოლოდ ორი თვით უნდა.
ამის შესახებ Twitter-ში “რადიო თავისუფლების” კორესპონდენტმა, რიკარდ ჟოზვიაკმა დაწერა.
“რუსეთი უარს ამბობს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებაზე 2 თვეზე მეტი. ჩვეულებრივ, მანდატი 4 თვით ხანგრძლივდება. მაღალი რისკი არსებობს იმის, რომ მისია 31 ივლისს დაიხუროს. გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ხვალ იქნება”, – წერს ჟოზვიაკი.
ეუთო-ს მისია მოქმედებს “დონეცკისა” და “გუკოვოს” საგუშაგოებზე და ის მიუკერძოებლობისა და გამჭვირვალობის პრინციპით ხელმძღვანელობს. მისიის ვალდებულებაა, ხელმძღვანელობას საგუშაგოებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს, ასევე, საზღვრის გადაკვეთის შესახებ მონაცემი.
მისია საქმიანობას 2014 წლის 29 ივლისიდან ასრულებს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც კონსენსუსის საფუძველზე იქნა მიღებული.