უკრაინიდან 10 უცხოელი ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი გააძევეს, რომლებიც სანქციების ქვეშ იმყოფებოდნენ და მათ ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ.
შესაბამის ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიცია ავრცელებს.
ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ 14 მაისს 668 ე.წ.კრიმინალურ ავტორიტეტს სანქციები დაუწესა. 21 მაისს კი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აამოქმედა საბჭოს გადაწყვეტილება ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების მიმართ უვადო სანქციების გამოყენების შესახებ.
აღინიშნება, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სიაში მოხვედრილ ე.წ.ავტორიტეტებს უკრაინაში ცხოვრების უფლება ჩამოერთვათ.
10 პირი სამშობლოში დააბრუნეს, რომელთა შორის არიან საქართველოსა და სომხეთის მკვიდრები, რომლებსაც ჰქონდათ კონტაქტები კრიმინალური სამყაროს წევრებთან არა მარტო სამშობლოში, არამედ – უკრაინაშიც.