სირიაში საპრეზიდენტო არჩევნებია – დასავლეთი არჩევნებს აპრიორი არ აღიარებს

სირიაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები ბაშარ ასადის რეჟიმს დაქვემდებარებულ რაიონებში ტარდება, რომელსაც ოპოზიცია “ფიქციას” უწოდებს, ხოლო დასავლეთი – “არაკეთილსინდისიერს”.

ცნობილია, რომ ქვეყანაში 12 ათასზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი.

ბაშარ ასადის გარდა, რომელიც ქვეყანას 2000-იანი წლიდან ხელმძღვანელობს, ქვეყნის პირველი პირის სავარძლისთვის აბდალაჰ სალუმ ანდალაჰი და მაჰმუდ აჰმად მერი იბრძოლებენ.

კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც “ფალსიფიცირებულ არჩევნებს გმობენ”.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარს უჭერენ ყველა სირიელის ხმას, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სირიის ოპოზიციას, რომლებმაც დაგმეს საარჩევნო პროცესი, როგორც უკანონო.

მოსალოდნელია, რომ 55 წლის ბაშარ ასადი პრეზიდენტად მეოთხედ 7 წლის ვადით იქნება არჩეული, რადგან მას სერიოზული მეტოქე არ ჰყავს.

როგორც სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ალ-რაჰმუნმა თქვა, ხმის მიცემის უფლებით 18 მილიონზე მეტი სირიელი სარგებლობს როგორც ქვეყანაში, ისე – მის ფარგლებს გარეთ, მაგრამ ყველა დარეგისტრირებული მოქალაქე ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, რადგან ქვეყანაში ჯერ კიდევ ძალადობაა.

ირანისა და რუსეთის მხარდაჭერით, ასადი ქვეყნის ტერიტორიის 60% -ს კვლავ აკონტროლებს. ოპოზიციასა და დასავლეთს არაერთხელ მოუთხოვია ასადისთვის თანამდებობის დატოვება, რაც იქნება პირველი ნაბიჯი სამოქალაქო ომის დასრულებისა და ქვეყნის დემოკრატიული მომავლისკენ.

ბაშარ ასადი სირიის პრეზიდენტად პირველად 2000 წლის 17 ივლისს აირჩიეს. ასევე, მან 2007 წლის არჩევნებში გაიმარჯვა; 2014 წლის 3 ივნისს მან ქვეყნის პირველი პირის სავარძელი 88,7% -ით კვლავ დაიკავა, თუმცა, 2014 წლის არჩევნები მიმდინარეობდა სამოქალაქო ომის პირობებში და ბოიკოტირებულ იქნა ოპოზიციის მიერ.

არჩევნების შედეგები არ არის აღიარებული დასავლეთში.

სირიაში პრეზიდენტი 7 წლის ვადით ირჩევა.

ბაშარ ასადის მთავრობამ 2018 წლის 29 მაისს აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. საპასუხოდ, საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები