სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შვეიცარიის კონფედერაციის დედაქალაქის ბერნის მერი, ალეკ ფონგრაფენრიდი, საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლისთავს ულოცავს. „საქართველოს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს და დამოუკიდებლობის დღეს.
ძალიან მიხარია, რომ შვეიცარიას უკვე 30 წელია აქვს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან და უნდა აღვნიშნო, რომ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. ეს ეხება ქალაქ ბერნსაც, კარგი ურთიერთობა გვაქვს საქართველოს ქალაქებთან და განსაკუთრებით დედაქალაქ თბილისთან. მიხარია, რომ არსებული კონტაქტების წყალობით, შეგვიძლია გავაღრმაოთ ურთიერთობები და ბევრი რამ ვისწავლოთ ერთმანეთისგან.
რაც მთავარია, მომავალშიც ხელი შევუწყოთ ჩვენი მეგობრობის გაღრმავებას. ლამაზ დღეს გისურვებთ და გულითადად მოგიკითხავთ ბერნიდან“, – განაცხადა ფონგრაგენრიდმა. შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი, ანდრეას აები, თავის მიმართვაში საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლისთავს ულოცავს.
„30 წლის წინ, 1991წლის 26 მაისს საქართველომ აღადგინა დამოუკიდებლობა. ძალიან მიხარია, რომ შესაძლებლობა მაქვს, ჩემი თანაქალაქელების სახელით საქართველოს მოქალაქეებს მივულოცო ეს ღირსშესანიშნავი თარიღი. დამოუკიდებლობის 30 წლისთავი თავის მხრივ ნიშნავს კარგი დიპლომატიური ურთიერთობების არსებობას ჩვენს ქვეყნებს შორის. საქართველოს და შვეიცარიის მეგობრობას კი ბევრად უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს.
თითქმის 200 წლის წინ შვეიცარიელი მკვლევარი ფრედერიკ დუბუა პირველად გაემგზავრა საქართველოში. მასზე, როგორც სხვა ბევრ შვეიცარიელზე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ლანდშაფტმა და თვალუწვდენელი მთების მშვენიერებამ. თქვენს ქვეყანაში შვეიცარიელები თავს ისე გრძნობენ, როგორც სამშობლოში, მაგალითად, როგორც ტიჩინოშიანვალისსში. საქართველოში პირველი შვეიცარიული თემი 160 წლის წინ დაფუძნდა თბილისის მიდამოებში, მისი წევრები იყვნენ მასწავლებლები, სასულიერო პირები, ბიზნესმენები და ასევე ფერმერები.
ცნობილია, რომ ყველის ქარხნული წარმოება საქართველოში შვეიცარიელებმა დაიწყეს. დღეს ჩვენი ქვეყნის პარლამენტებს ნაყოფიერი და ხშირი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. შვეიცარია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მისთვის დაკისრებულ მედიატორის როლს რუსეთ-საქართველოს შორის. მივესალმებით წინგადადგმულ ნაბიჯებს ტურიზმის, ეკონომიკის, კულტურის და განათლების სფეროებში. მე უკვე გახლდით საქართველოში. თბილისში ყოფნის დროს ჩემზეც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა სტუმარ-მასპინძლობამ, საქართველოს მდიდარმა კულტურამ და, რა თქმა უნდა, ღვინოც საუკეთესო მოგონებად მრჩება. ამ განსაკუთრებულ დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს და განსაკუთრებით იმ ქართველებს, რომლებმაც შვეიცარიაში მეორე სამშობლო იპოვეს, ვუსურვებ მშვიდობიან, ჯანმრთელ და წარმატებულ მომავალს. გულითად მოკითხვას ვუთვლი ამჟამად საქართველოში მცხოვრებ შვეიცარიის მოქალაქეებს“, – ამბობს შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი, ანდრეას აები. იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, პიერო ფასინო ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ იტალიას და საქართველოს ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის სფეროებში მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებთ და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს. „საუკეთესო სურვილებით ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას.
წელს ჩვენ აღვნიშნავთ იტალიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავს. იტალიას და საქართველოს აკავშირებთ მჭიდრო პარტნიორობა ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის სფეროში და ჩვენი სურვილია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. საქართველო მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, რომელსაც ვუყურებთ, როგორც მეგობარ ქვეყანას და გვსურს, რომ თავის მხრივ, ქართველებმაც მიიღონ იტალია მეგობარ ქვეყნად“, – განაცხადა პიერო ფასინომ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ულოცავს აშშ-ის კალიფორნიის შტატის ვიცე-გუბერნატორი, ელენი კოუნალაკისი ვიდეო მიმართვაში ქართველ ხალხს და ხელისუფლებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და სიამაყით აღნიშნავს, რომ ქ. სან-ფრანცისკოში საქართველოს ახალგახსნილ გენერალურ საკონსულოსთან კოორდინაციით, საქართველოსთან თანამშრომლობა და მეგობრობა გაღრმავდება. „მოხარული ვარ საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს მივულოცო დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილე. კალიფორნია ამაყობს, რომ მასპინძლობს სან-ფრანცისკოში საქართველოს ახალ გენერალურ საკონსულოს და ჩვენ სულმოუთქმელად ველით მეგობრობისა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას მომდევნო თვეებსა და წლებში. გილოცავთ თქვენი ქვეყნისთვის ამ განსაკუთრებულ დღეს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ საქართველოს და ყველა ქართველს, ქვეყნის მასშტაბით და მთელს მსოფლიოში“, – განაცხადა კოუნალაკისმა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ლატვიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც ულოცავენ. ვიდეო მიმართვაში ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და დარგობრივი საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები ხალხს ქართულ ენაზე მიმართავენ, პირველ რიგში აღნიშნავენ, რომ ლატვია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ევროპული გზაზე წარმატებებს უსურვებენ, ასევე უსურვებენ კეთილდღეობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. „საქართველო, ლატვია შენს გვერდითაა“, – ნათქვამია ლატვიელი დეპუტატების ვიდეო მილოცვაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იაპონიის საქარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ტაკაში უტო ვიდეო-მიმართვის საშუალებით ულოცავს. „მივმართავ საქართველოს საქმეთა რწმუნებულს, ძვირფას თეიმურაზ ლეჟავას და სრულიად ქართველ ხალხს. მე იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ტაკაში უტო გახლავართ. იაპონიის მთავრობის სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! იაპონიისთვის საქართველო უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, რომელთანაც ისეთი საერთო ღირებულებები გვაქვს, როგორიცაა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვ. ბედნიერი ვარ, რომ ბოლო წლებში იაპონიასა და საქართველოს ურთიერთობები პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, და სხვა სფეროებში გაღრმავდა ფა განვითარდა. ეკონომიკის კუთხით, იანვარში ჩვენს ქვეყნებს შორის ხელი მოეწერა ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებასა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებას. ამჟამად პარლამენტში განხილვა მიმდინარეობს და მეც ძალ-ღონეს არ ვიშურებ, რომ საქმე ბოლომდე მივიდეს. მჯერა, რომ ამ ორი ხელშეკრულებით ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება. უნდა აღვნიშნო, რომ ამ ბოლო დროს შქმერული და ზოგადად ქართული სამზარეულო ძალიან პოპულარული გახდა. მეც, თავად, ქართული ღვინის დიდი მოყვარული გახლავართ. ამგვარად, საქართველოსა და იაპონიას შორის ვაჭრობა პოლიტიკურ-ეკონომიკურ სფეროს გასცდა და ისე გაფართოვდა, მოსახლეობისთვის თვალშისაცემი გახდა. ბოლო წლებში, ორ ქვეყანას შორის ტურიზმი და მოქალაქეთა მიმოსვლაც გააქტიურდა. სამწუხაროდ, ამჟამად მსოფლიო პანდემიის გამო, ამგვარი აქტივობა შეჩერებულია, მაგრამ მჯერა, რომ საზღვრები მალე გაიხსნება და ტურიზმისა კულტურის მეშვეობით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები უწინდელზე მეტად გაღრმავდება. მომავალ, 2022 წელს, საქართველო-იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას 30 წელი უსრულდება.
იაპონიის მთავრობა მზადაა, რომ ამ ისტორიული თარიღისთვის კიდევ მეტად გაისარჯოს ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად. ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა, რომ საქართველოს მშვიდობა და განვითარება, ხოლო ჩვენს ქვეყნებს მეგობრობის კიდევ მეტად გაღრმავება ვუსურვო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გაუმარჯოს!“, – ნათქვამია მიმართვაში.