“ამ ურთულეს რეგიონში საქართველო მტკიცედ ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანამ შეძლო, საკუთარ არჩეულ გზაზე ისე ევლო, რომ არ შეჰპუებოდა დაბრკოლებას, მუქარასა თუ თავდასხმას.
„გამარჯვებაა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ ქვეყანამ ყველა უმძიმეს გამოწვევას გაუძლო. ომს, თავისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას. ქვეყანამ შეძლო, საკუთარ არჩეულ გზაზე ისე ევლო, რომ არ შეპუებოდა დაბრკოლებას, მუქარასა თუ თავდასხმას. ამ ურთულეს რეგიონში საქართველო მტკიცედ ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს. დღეს დადგა დრო, რომ ნათლად გავიაზროთ, რა გამოწვევების წინაშეა ქვეყანა და რას გვეუბნება გენერალ კვინიტაძის მაგალითი. მის მემუარებში ახსნილია, დიდწილად რამ განაპირობა 1921 წლის ომის ტრაგიკული შედეგი. მოუმზადებლობა, დეზორგანიზაცია, არათანმიმდევრულობა, გეგმების არარსებობა, პროფესიონალიზმის ნაკლებობა, გულგრილობა და პარტიული ამბიციების წინ დაყენება. ესაა ის გაკვეთილი, რომელსაც არა მხოლოდ უნდა მოვუსმინოთ, არამედ გავითავისოთ და დღევანდელ ჭრილში გავიაზროთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს.