ბელორუსი კანადაში საელჩოს ხურავს
ბელორუსის მთავრობა კანადაში საელჩოს ხურავს, რომელიც მუშაობას უკვე პირველი სექტემბრიდან შეაჩერებს.
ინფორმაცია კანადაში ბელორუსის საელჩოს გვერდზე განთავსდა.
“ბელორუსის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კანადაში ბელორუსის რესპუბლიკის საელჩოს დახურვის შესახებ. საელჩო მუშაობას 2021 წლის 1-ელ სექტემბერს შეწყვეტს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
აპრილის დასაწყისში ალექსანდრე ლუკაშენკომ საზღვარგარეთ დიპლომატიური მისიების ოპტიმიზაცია მოითხოვა. ამის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ მაკეიმ განმარტა, რომ მინსკი დახურავს საელჩოებს რამდენიმე ქვეყანაში, სადაც დიპლომატიური მისიების მუშაობას არ მოაქვს საგარეო ეკონომიკური საჭიროება, მაგრამ განიხილავს პერსპექტიული რეგიონების დიპლომატიური წარმომადგენლობის გაფართოების შესაძლებლობას.
ბელორუსმა და კანადამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის აპრილში დაამყარეს. მინსკმა საელჩო 1997 წელს გახსნა. ბელორუსში კანადის ინტერესებს კი დიპლომატიური მისია პოლონეთში წარმოადგენს.
2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოტავამ სანქციები დაუწესა ბელორუსის გარკვეულ მაღალჩინოსნებს, მათ შორის, ლუკაშენკოს.
საპასუხო ზომის სახით, ბელორუსის ხელისუფლებამ კანადის ოფიციალური პირების მიმართ შემზღუდავი ზომები დააწესა და რესპუბლიკაში შესვლა აუკრძალა.