ნიკა მელიას ბრალდების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო
20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ბრალდების საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე ბრალდების მხარემ ვიდეომტკიცებულება წარადგინა, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს ასახავს.
მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის თქმით, შემდეგი სასამართლო სხდომა 27 მაისს გაიმართება.
„დღეს გამოიკვლიეს იმედიდან გამოთხოვილი ვიდეომასალის მცირე ნაწილი. პროკურატურამ ამოგლეჯილად წუთობრივად გაიარა რაღაც ნაწილები. ამოგლეჯილად გაუშვეს გარკვეული მონაკვეთები, ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლა. ეს სიუჟეტები მოსახლეობას ნანახი აქვს და მოვისმინეთ, რომ ეს ადამიანები მშვიდობიანად იქცეოდნენ. გააცოცხლეს 20 ივნისის კადრები. ეს მათი სტრატეგიაა რა თანმიმდევრობით განახორციელებენ მტკიცებულებების გამოკვლევას. პროცესები გაგრძელდება კვირაში ერთხელ. კონტექსტიდან ამოგლეჯილად აჩვენეს რამდენიმე წუთი და ერთი ტელეკომპანიიდან გამოთხოვილი მასალით ხაზი გაესვა იმას, რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს კონტექსტს. შემდეგი სხდომა 27 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება“, – აცხადებს ადვოკატი.
თავად ნიკა მელია სასამართლო პროცესს არ ესწრება, რადგან ის მოსამართლის მიერ პროცესიდან გაძევებულია.