კახა კახიშვილი: საერთაშორისო ექსპერტებს ვკითხოთ და დასკვნა დადონ, რამდენად სწორად მიაჩნიათ, რომ თვითმმართველობის არჩევნები პროპორციულ სისტემაზე გადადის

საერთაშორისო ექსპერტებს ვკითხოთ და დასკვნა დადონ, რამდენად სწორად მიაჩნიათ, რომ თვითმმართველობის არჩევნები გადადის პროპორციულ სისტემაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა კახიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში საკრებულოებში მაჟორიტარ დეპუტატთა რაოდენობა შემცირდება, მთლიანად საკრებულოს წევრთა რაოდენობა შეიკვეცოს, ასევე მოხდეს პარლამენტის შემთხვევაშიც.

„თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარების შეკვეცა, ჩემი აზრით, ეს არის პირდაპირ ხარაკირი, რადგან ერთადერთი რგოლი, რომელსაც აქვს მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია, ეს არის თვითმმართველობის, საკრებულოს წევრები, რომლებიც გამგეობასთან ერთად, უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან საყოფაცხოვრებო, მათ შორის, ძალიან სწრაფ გადაწყვეტილებებს. თუ ვისაუბრებთ სისტემაზე, სისტემა კარგია. ცალკეულ შემთხვევებზე კი, როდესაც მოსახლეობა კონკრეტულად მაჟორიტარით უკმაყოფილოა, ვერ ვისაუბრებ. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, რომ არ ავყვეთ პოლიტიკურად უაზროდ მოთხოვნილ საკითხს, მეტიც, საერთაშორისო ექსპერტებს ვკითხოთ ამასთან დაკავშირებით მოსაზრება და დასკვნა დადონ, რამდენად სწორად მიაჩნიათ, რომ თვითმმართველობის არჩევნები გადადის პროპორციულ სისტემაზე.

თბილისის შემთხვევაში ეს იყო 50 წევრი. თუ ახლა იკვეცება და ვამბობთ, რომ ამდენი მაჟორიტარი არ გვინდა, რად გვინდა ამდენი პროპორციული. მაშინ შევკვეცოთ და ვთქვათ, რომ იქნება საკრებულოს 25 პროპორციული წესით არჩეული წევრი, რადგან ლოგიკას არის მოკლებული. ასევეა პარლამენტის საკითხიც -150 წევრი, 75/75-ზე იყო, ახლა თუ არ იქნება 75 მაჟორიტარი, რად გვინდა ამდენი პარლამენტარი“, – განაცხადა კახიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები