შალვა პაპუაშვილი: სალომე სამადაშვილი ევროპაში ლეგალურ დასაქმებას ეძახის “მონურ შრომას”, სწორედ ეს არის ჰიბრიდული ომი

“ჰიბრიდული ომი არის ის, როდესაც ქალბატონი სალომე სამადაშვილი საუბრობს ევროპაში ლეგალურად დასაქმებულ ადამიანებზე, როგორც “მონურ შრომაში მყოფ ადამიანებზე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჰიბრიდული ომი იყო სწორედ ის, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები უარს ამბობდნენ საკუთარი მანდატის განხორციელებაზე, რითაც დესტაბილიზაცია შემოჰქონდათ ქვეყანაში.

„დღეს ჩვენ ვისმენდით ოპონენტების მხრიდან სხვადასხვა საუბარს. მოვისმინეთ ჰიბრიდული ომის საფრთხეების შესახებ, ოღონდ, აბსოლუტურად მცდარ და სახიფათო კონტექსტში. იყო საუბარი ჰიბრიდულ ომზე, როცა სინამდვილეში, ჰიბრიდული ომი მართლაც მიდის, მაგრამ სულ სხვა ლოკაციებზე. ჰიბრიდული ომი იყო სწორედ ის, რომ დეპუტატები, და დღემდე რიგი დეპუტატებისა, უარს ამბობდნენ თავისი მანდატის განხორციელებაზე, ამით დესტაბილიზაცია შემოჰქონდათ ამ ქვეყანაში. ეს არის ჰიბრიდული ომი. და დღეს ერთ-ერთი ჩვენი ოპონენტისგან მოვისმინეთ, რომ თურმე საქართველო არის ის ადგილი, სადაც რეპრესირებული ადამიანები მოდიან. ანუ, დემოკრატიაა ხომ აქ და თქვენ ამ დემოკრატიაზე ამბობდით უარს, ამ პარლამენტზე ამბობდით უარს. ჰიბრიდული ომი არის ის, როდესაც ქალბატონი სალომე საუბრობს ევროპაში ლეგალურად დასაქმებულ ადამიანებზე, როგორც მონურ შრომაში მყოფ ადამიანებზე. ქალბატონი სალომე 8 წლის განმავლობაში იყო ელჩი ევროკავშირში. ეს იყო თქვენი სულისკვეთება ევროკავშირში ელჩობისა, რომ ევროკავშირში ლეგალურ დასაქმებას ეძახით მონურ შრომას? აი, სწორედ ეს არის ჰიბრიდული ომი, როდესაც თქვენ ევროპაში ლეგალურ დასაქმებას ეძახით მონურ შრომას. ეს არის დემონიზაცია ევროპის. ასევე, საუბარი იყო სადღეგრძელოებზე და სადღეგრძელოებიც ბევრი მოვისმინეთ დღეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები