“ხალხს მოუწოდო, არ იზეიმოს 26 მაისი, ეს არის გაუგონარი ამბავი” – ვლადიმერ ბოჟაძე
“შეიძლება, ვერ ერკვეოდე ენერგეტიკაში, ეკოლოგიაში ან/და ეკონომიკაში, გამოიწვიო დედაქალაქის პარალიზება, საცობი და სხვა პრობლემები, მაგრამ ხალხს მოუწოდო, არ იზეიმოს 26 მაისი, ეს არის გაუგონარი ამბავი”, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი, ვლადიმერ ბოჟაძე “ნამოხვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის მოწოდებას.
მისივე თქმით, საქართველოს მტერიც კი ვერ გაბედავდა, ეთქვა ხალხისთვის, რომ დამოუკიდებლობის დღე არ ეზეიმათ.
“შეიძლება, ვერ ერკვეოდე ენერგეტიკაში, ეკოლოგიაში ან/და ეკონომიკაში, გამოიწვიო დედაქალაქის პარალიზება, საცობი და სხვა პრობლემები, მაგრამ ხალხს მოუწოდო არ იზეიმოს 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, არ დაესწროს სამხედრო აღლუმს, პატივი არ მიაგოს გენერალ გიორგი კვინიტაძისა და სხვა გმირების ხსოვნას, ტაში არ დაუკრას ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, ეს არის გაუგონარი ამბავი, საქართველოს მტერიც კი ვერ გაბედავდა ეთქვა ხალხისთვის არ იზეიმოთ სახელმწიფოს ხელახლა დაბადების დღეო! ვიცოდი, რომ ეს გაუგებარი მოძრაობა, ეს უსაფუძვლო ულტიმატუმი ასე უაზროდ დასრულდებოდა, მაგრამ თუ ვინმე ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, აღლუმზე წასვლას და ზეიმს ,,აუკრძალავდა” ვერასდროს ვიფიქრებდი! სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო, რომ საუბილეო 30-ე წელს ერი ასეთ ,,გაუგებრობაში” ვართ. ღმერთმა დალოცოს საქართველო, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გაუმარჯოს 26 მაისს!”, – წერს ბოჟაძე.