მინსკში აცხადებენ, რომ პირები, რომლებიც Ryanair-ის აფეთქებით იმუქრებოდნენ, ღაზას სექტორში ისრაელის აგრესიის შეჩერებას ითხოვდნენ
ბელორუსის ტრანსპორტის სამინისტროს ავიაციის დეპარტამენტის ხელმძღვანლის, არტიომ სიკორსკის განცხადებით, პირები, რომლებიც 23 მაისს Ryanair- ის თვითმფრინავის აფეთქებით იმუქრებოდნენ, ღაზას სექტორის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის შეწყვეტას ითხოვდნენ.
ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი შეტყობინება “მინსკის” ეროვნული აეროპორტის ელექტრონულ ფოსტაზე ინგლისურ ენაზე შევიდა.
სიკორსკის თქმით, წერილში ეწერა:” ჩვენ, “ჰამასის” ჯარისკაცები ვითხოვთ, რომ ისრაელმა ღაზას სექტორში ცეცხლი შეწყვიტოს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ევროკავშირმა უარი თქვას ისრაელის მხარდაჭერაზე ამ ომში. ცნობილია, რომ Delphi Economic Forum-ის მონაწილეები სახლში FR4978 რეისით ბრუნდებიან. ამ თვითმფრინავში ბომბია. თუ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებთ, ბომბი 23 მაისს ვილნიუსის თავზე აფეთქდება”.
მან ხაზი გაუსვა, რომ ბელორუსელმა დისპეტჩერები გადაწყვეტილების მიღების დროს თვითმფრინავის ეკიპაჟზე ზეწოლას არ ახდენდნენ და მოქმედებდნენ საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
ევროკავშირის მხრიდან ბელორუსის თავზე ფრენების შესაძლო გაუქმების კომენტირებისას მან თქვა, რომ მინსკში კეთილგონიერების იმედი აქვთ. მისივე თქმით, რესპუბლიკის ხელისუფლებას შესაძლო ზარალი ჯერ არ დაუთვლია.
23 მაისს ათენიდან ვილნიუსში Ryanair-ის რეისი სრულდებოდა, რომლის ეკიპაჟმა თვითმფრინავი საგანგებოდ მინსკის აეროპორტში დასვა, ბორტზე, სავარაუდოდ ბომბის არსებობის გამო. თუმცა, შეტყობინება აღმოჩნდა ცრუ.
ამასთან, თვითმფრინავში 26 წლის ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. ის ბელორუსელმა ძალოვანებმა დააკავეს.
თავად რომან პროტასევიჩი რეისის დაწყებამდე ამბობდა, რომ აეროპორტში მას უთვალთვალებდნენ და მისი პასპორტისა და დოკუმენტებისთვის ფოტოების გადაღებას ცდილობდნენ.
რომან პროტასევიჩს ბელორუსში 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.