საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და სადახლო-საავტომობილო“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების, ლ.კ.-ს, ი.დ.-ს, მ.გ.-ს და ო.ე.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, ასევე ხელბარგის, ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული, ჯამში 25 000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის III ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი. ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს ფულადი ჯარიმა, თითოეულს – 1000 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო უკრაინის მოქალაქეს, რომელიც უკანონოდ 14 800 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანას ცდილობდა, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.