მინსკის აეროპორტში Lufthansa-ს რეისი შეაყოვნეს

მინსკის აეროპორტიდან გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს ფრანკფურტის მიმართულებით რეისის შესრულება შეფერხდა.

ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” ბელორუსის ბიურო წერს.

მგზავრების თქმით, მგზავრებს, რომლებმაც სალონებში საკუთარი ადგილები დაიკავეს, ჩამოსვლა მოსთხოვეს, ბორტზე ძალოვნები ძაღლებთან ერთად ავიდნენ.

როგორც ერთ-ერთმა მგზავრმა გამოცემას უთხრა, “ყველამ თავისი ადგილი დაიკავა, შემდეგ, რატომღაც, თვითმფრინავიდან გამოსვლა სთხოვეს. შემოღობეს და დაიწყეს შემოწმება. ამასობაში, თვითმფრინავისკენ წავიდნენ კინოლოგები და ძაღლები. ვერაფერი იპოვეს”.

ამასობაში, ინფორმაცია LH-1487 რეისი შესახებ მინსკის აეროპორტის ტაბლოდან გაქრა. ადამიანებს თვითმფრინავში დაბრუნების საშუალებას არ აძლევენ.

მოგვიანებით, აეროპორტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ რეისი იმის გამო შეაჩერეს, რომ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს შეტყობინება სავარაუდო ტერაქტის შესახებ.

მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი 23 მაისს დააკავეს, რომელსაც ბელორუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

თავად რომან პროტასევიჩი რეისის დაწყებამდე ამბობდა, რომ აეროპორტში მას უთვალთვალებდნენ და მისი პასპორტისა და დოკუმენტებისთვის ფოტოების გადაღებას ცდილობდნენ.

რომან პროტასევიჩს ბელორუსში 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები