“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო პაკეტი ფუნდამენტურ ცვლილებებს ითვალისწინებს – ესაა ცვლილებები, რომელიც საქართველოში საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილმა შეიძლება, საბაბი მოძებნოს, რათა საარჩევნო პაკეტს მხარი არ დაუჭიროს.
„საარჩევნო პაკეტი ფუნდამენტურ ცვლილებებს ითვალისწინებს. მათ შორის საუბარია, საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნდამენტურ ცვლილებაზე, როგორც იცით, ოპოზიციის წარმომადგენლობა იზრდება. გარდა ამისა, მინიმუმ საარჩევნო უბნების 10% გადათვლილი იქნება, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რაც საქართველოში ამ 30 წლის მანძილზე არასდროს არ მომხდარა. ესაა ფუნდამენტური ცვლილებები, რომელიც საარჩევნო გარემოს საქართველოში კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ოპოზიციის ნაწილმა შეიძლება საბაბი მოძებნოს, რომ ამ ყველაფერს მხარი არ დაუჭიროს, დანარჩენი პაკეტი მხარდაჭერის საუკეთესო საფუძველს იძლევა“, – განაცხადა კობახიძემ.