საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

“საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, ქუთაისში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა”, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, საკანონმდებლო ორგანოს, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს ქუთაისის მუხნარში არსებული მდგომარეობა, განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები ადგილზე გააცნო. შეხვედრას იმერეთის მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქუთაისის მიმდებარედ არსებულ მუხნარში, რომელიც „საღორიის ტყის” სახელით არის ცნობილი, ენდემური და წითელი ნუსხის სახეობა „იმერული მუხა” გვხვდება. უკანონო ჭრებმა, ნარჩენებით დაბინძურებამ და სხვა  მსგავსმა უარყოფითმა ფაქტორებმა, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე  ათწლეულების პრობლემაა, ტყის მასივი მნიშვნელოვნად დააზიანა. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოიშალა არსებული სადერივაციო არხი, რამაც გამოიწვია ტყის ნაწილობრივი დატბორვა. ყოველივე ზემოაღნიშნულის პარალელურად, მუხნარში გავრცელდა მსოფლიოში მოწყვლადის სტატუსით ცნობილი მავნებელი ხოჭო – მუხის დიდი ხარაბუზა.

„ე.წ. „საღორიის ტყეში” უნიკალური კორომის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალისტების მიერ შემუშავდა კომპლექსური ღონისძიებების გეგმა,  რომელიც სანიტარიულ ჭრებს, მავნებლის მიერ დაზიანებული ხეების კორომიდან გამოტანას, ნარჩენებისაგან გაწმენდას და ტყის აღდგენას მოიცავს. ეროვნული სატყეო სააგენტო აღნიშნულ ღონისძიებებს 2017 წლიდან ახორციელებს;  რა თქმა უნდა, ტყის აღდგენის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

„საღორიის ტყეში”, 2018 წელს, 2.4 ჰა ფართობზე 9500 ცალი იმერული მუხის და ჩვეულებრივი იფნის ნერგი დაირგო. ტყის აღდგენის მასშტაბების  გაზრდის მიზნით, 2019 წელს, დამატებით მომზადდა ტყის აღდგენის 2 პროექტი, ჯამში, 20.3 ჰა ფართობზე. აღნიშნული პროექტები ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებსაც ითვალისწინებს.

2020 წელს, მოზარდ-აღმონაცენის დასაცავად (ძირითად შემთხვევებში, საძოვრად გაშვებული საქონლისგან), ტერიტორია შეიღობა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება „ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ისეთი ღონისძიებების გატარება, რომელიც ფიტოსანიტარიის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითვალისწინებს, არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, 2021 წელს, 11 ჰა ფართობისათვის მომზადდა ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობით აღდგენის პროექტი. მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების მიზანი ამ უნიკალური კორომის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება და გაჯანსაღებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები