ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გატარების შედეგად, კანონმდებლობის დარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ტვირთის დოკუმენტური და დეტალური დათვალიერებისას, 6 სხვადასხვა კომპანიის მიერ იმპორტირებული, დაახლოებით, 467 ათასი ლარის ჰიგიენის ნაწარმი, არ წარმოადგენდა 3 წლამდე ასაკის ჩვილ ბავშვთა მოხმარებისათვის განკუთვნილ საქონელს.
“ეს ტვირთი დადეკლარირდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული იმპორტის გადასახდელის თავიდან არიდების მიზნით. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს კომპანიის წარმომადგენლებს, გაითვალისწინონ, რომ არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე მათ კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში პასუხისმგებლობა დაეკისრებათ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.