დავით ზალკალიანი: მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის რუსეთზე ზეწოლის შედეგადაა შესაძლებელი, დასრულდეს ოკუპაცია და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გაუსაძლისი ყოფა

“მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის რუსეთზე ზეწოლის შედეგადაა შესაძლებელი, დასრულდეს ოკუპაცია და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გაუსაძლისი ყოფა”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ონლაინფორმატის რეჟიმში გამართულ ევროპის საბჭოს 131-ე მინისტერიალზე განაცხადა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ზაზა გახელაძისთვის 12 წლით ტყვეობის გახანგრძლივების ფაქტს.

„ჩვენ კვლავ ვხედავთ რუსეთის მიერ  ადამიანის ძირითადი უფლებების სერიოზული დარღვევების, მათ შორის მკვლელობების, უკანონო დაკავებების, საოკუპაციო ხაზთან და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტებს. ასევე, ჩვენ ე.წ. გამშვები პუნქტების უპრეცედენტოდ ხანგრძლივი დროით დაკეტვისა და გადაადგილების შეზღუდვის მოწმენი ვართ. სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ოთხი ადამიანი, რომელიც მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიამდე მისასვლელად მდინარე ენგურის გადაკვეთას ცდილობდა, დაიხრჩო.

ნება მომეცით, თქვენი ყურადღება გავამახვილო ზაზა გახელაძის საქმეზე, რომლის უკანონო დაკავება ცხინვალში 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივდა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებით. მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი პოზიცია მისი დაუყოვნებლივი განთავისუფლების მისაღწევად. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ადამიანის უფლებათა დარღვევები, დაუშვას ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები საქართველოს ორივე რეგიონში, ასევე გაიყვანოს უკანონოდ განლაგებული სამხედრო ძალები საქართველოდან, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმები და პრინციპები. მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის რუსეთზე ზეწოლის შედეგადაა შესაძლებელი, დასრულდეს ოკუპაცია და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გაუსაძლისი ყოფა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები