დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – დმანისის მოვლენებზე: მშვიდობა ჩვენს ერთ ოჯახში ყველასთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ, ყოველი დაყოფა რაიმე ეთნიკური ნიშნით ძალიან საშიშია
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პრესკონფერენციაზე დმანისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მშვიდობის დასამყარებლად გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და ამ ნაბიჯების გამყარებას წახალისება სჭირდება.
„მინდა ვთქვა, რომ ძალიან აზიანებს გარემოს ეკლესიისადმი ცილისმწამებლური თუ რაღაც მტრული დამოკიდებულება და ამცირებს ეფექტურობას, თუკი ასეთი რამ საჭირო გახდებოდა მომავალში. აზერბაიჯანულ მოსახლეობას, როგორც ჩვენს თანამოქალაქეებს, ვიცნობთ, როგორც საქართველოს მოყვარულებს, მეგობრულ, მშრომელ პატიოსან ადამიანებს და ჩვენი დამოკიდებულება მათდამი ანალოგიურია. ჩვენ ყველა ვაცნობიერებთ, რომ მშვიდობა ჩვენს ერთ ოჯახში ყველასთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ, ყოველი დაყოფა რაიმე ეთნიკური ნიშნით ძალიან საშიშია. სამწუხაროდ, ჩვენ ამის მცდელობა ვნახეთ. ყოფითი მოვლენის გადატანის მცდელობა იყო რაღაც ფართო დაპირისპირებაში“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრიამ.