პაატა იმნაძე: ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე, ეს ადამიანები ვინ არიან, სად გაჩნდნენ

“ან ახლობელი არ ჰყავთ, ან მეგობარი, რომ კორონას გამო დაკარგა, ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მასობრივ ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია აღარ იქნება.

,,ბოლო კვირაში კორონას გამო 3 ძალიან ახლობელი ადამიანი დავკარგე… ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე?! ეს ადამიანები ვინ არიან?! სად გაჩნდნენ?!.

ნუთუ ისე გაიარა ამ კორონამ, რომ ან ახლობელი არ ჰყავთ, ან მეგობარი, რომ კორონას გამო არ დაკარგა. აი, ეს კითხვა მაქვს, რა ვთქვა, აღარ ვიცი… ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე?!

პიკი გადავიარეთ, ბევრი ღლიცინებს ამ პიკზე, მაგრამ ვისაც გაუვლია ეპიდემიოლოგიის პატარა კურსი, იცის, რომ ჩვეულებრივი ეპიდემიოლოგიური ტერმინია.

მასობრივ ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია აღარ იქნება. მაგალითად, ზაფხულში დიდი სავაქცინო ცენტრები გაიხსნება. ახლა გამოჩნდება, ვინ არის ანტივაქსერი“, – განაცხადა იმნაძემ.

მან ჩინურ ვაქცინებზე – „სინოფარმსა“ და „სინოვაკზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ შორის, პრაქტიკულად, არანაირი განსხვავება არ არის.

„ტრადიციულად, ტექნოლოგიური ტიპით დამზადებული ვაქცინაა. მთელი თურქეთი „სინოვაკითაა“ აცრილი. ასევე, ბუნებაში არ არსებობს ანალიზი, როდესაც ექიმი გეტყვის, ახლა შენი აცრა შეიძლება და ახლა არ შეიძლება. ეს ცუდი სარეკლამო „ტრიუკია“, – განაცხადა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები