“დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში სამიტებზე ჩვენ ვიხილავთ კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მინისტრი დღეს კიევში უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებს შეხვდება და ვიზიტი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრით დასრულდება.
„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. ვიტყოდი, რომ დროული, რადგანაც ბევრი თემაა განსახილველი, რომელიც ჩვენს ორ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არსებობს. ორი მთავარი მიმართულება გახლავთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. აუცილებელია ამ მიმართულებით კოორდინებული საქმიანობა და ერთობლივი ნაბიჯების დაგეგმვა. უკვე დიდი ხანია, დაწყებული გვაქვს ეს ერთობლივი საქმიანობა, ვმოქმედებთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში – როგორც ნატო-ს, ასევე, ევროკავშირის ფარგლებში და, რა თქმა უნდა, მოლოდინი მაქვს, რომ ამ შეხვედრების შედეგად ჩვენი ინტერესები კიდევ უფრო მკაფიოდ იქნება წამოწეული როგორც ნატო-ს, ასევე, ევროკავშირის კონტექსტში. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში სამიტებზე ჩვენ ვიხილავთ კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებს იგივე ღია კარის პოლიტიკის მიმართ, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის მიმართულებით და ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა ზალკალიანმა.