დიმიტრი ხუნდაძე: მიხეილ სააკაშვილის მორიგი დაპირება, რომ საქართველოში ჩამოვიდოდა, ჩავარდა, ამიტომ, მისი მეგობრები კონსულტაციისთვის აქედან ჩადიან

“მიხელ სააკაშვილის მორიგი დაპირება, რომ ის ქვეყანაში ჩამოვიდოდა, კიდევ ჩავარდა. ის ვერ ჩამოდის, ამიტომ, მისი მეგობრები კონსულტაციისთვის აქედან ჩადიან”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას კიევში გამგზავრებას.

ხუნდაძის თქმით, საქართველოში დესტრუქცია ვერ განხორციელდება.

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მონათესავე პოლიტიკურ განაყარს ხელმძღვანელობს და მესიჯებით ამარაგებს მიხეილ სააკაშვილი. მიხელ სააკაშვილის მორიგი დაპირება, რომ ის ქვეყანაში ჩამოვიდოდა, კიდევ ჩავარდა. ის ვერ ჩამოდის, ამიტომ, მისი მეგობრები კონსულტაციისთვის აქედან ჩადიან. მაგრამ ეს კონსულტაციაც, რა თქმა უნდა, ფუჭი იქნება, რადგან ის პოლიტიკური გარემო, რომელიც მანამდე მიხეილ სააკაშვილს ასაზრდოებდა თავისი დესტრუქციული პოლიტიკის განხორციელების გზაზე, ეს გარემო აღარ არსებობს. ოპოზიციის უდიდესი ნაწილი უკვე პარლამენტშია და ძალიან კარგია, რომ ისინი კონსტრუქციული მუშაობის რეჟიმს დაუბრუნდნენ. ასე რომ, ეს უკვე კარგა ხნის დავიწყებული ძველია. დესტრუქცია ამ ქვეყანაში ვერ განხორციელდება. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილისა და მისი პოლიტიკური მეგობრების სურვილები უკვე ვეღარ ახდება“, – განაცხადა ხუნდაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის წევრებთან ერთად, კიევში გუშინ გაემგზავრა. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად უკრაინაში ასევე გაემგზავრნენ კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კახა ოქრიაშვილი, აკაკი მინაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები