აკაკი მინაშვილი: ამომრჩეველს შევპირდით, რომ თუ ვადამდელ არჩევნებს ვერ მივაღწევდით, პარლამენტში არ შევიდოდით და ეს სიტყვა უნდა შევასრულოთ
“ამომრჩეველს შევპირდით, რომ თუ ვადამდელ არჩევნებს ვერ მივაღწევდით, პარლამენტში არ შევიდოდით და ეს სიტყვა უნდა შევასრულოთ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ფართო ჩართულობით მიიღება.
„ჩემი პოზიციაა, რომ პარლამენტში შესვლას კრიტიკულად ვუყურებ რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ ყოვლისა, ამომრჩეველს შევპირდით, რომ თუ ვადამდელ არჩევნებს ვერ მივაღწევდით, პარლამენტში არ შევიდოდით და თუ გვსურს, რომ ეს ამომრჩეველი გამოგვყვეს, ეს სიტყვა უნდა შევასრულოთ. მეორე – ვთვლი, ნაცვლად საპარლამენტო დისკუსიებისა, რომელიც მიტაცებული პარლამენტის პირობებში ვერ იქნება სრულფასოვანი და ეფექტიანი, ჩვენ მთელი დრო მოქალაქეებთან ურთიერთობასა და მათთან კომუნიკაციას უნდა მოვანდომოთ, რათა მოვახდინოთ მოქალაქეების მობილიზება გადამწყვეტი მომენტისათვის შემოდგომაზე. მესამე – ქვეყანაში ნორმალურობის განცდა არ უნდა შევქმნათ, რადგან კრიზისი ხელმოწერით არ დაიძლია, პირიქით, კრიზისი გაღრმავდა და დემოკრატიულობისა და ნორმალურობის ფასადი არ უნდა შეიქმნას“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.