ნათია თურნავა: უახლოეს პერიოდში კოვიდპასპორტის კონცეფცია საბოლოო სახით იქნება წარდგენილი და დამტკიცებული
“უახლოეს პერიოდში კოვიდპასპორტის კონცეფცია საბოლოო სახით იქნება წარდგენილი და დამტკიცებული”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც ასეთ ძალიან მორგებულ, სწრაფ და ტექნოლოგიურად განვითარებულ მექანიზმს შესთავაზებს მოსახლეობას.
„უახლოეს პერიოდში კოვიდპასპორტის კონცეფცია საბოლოო სახით იქნება წარდგენილი და დამტკიცებული. ეს იქნება ისეთი დოკუმენტი, რომელიც ელექტრონულადაც და ამობეჭდილი სახითაც შეიძლება, ვიქონიოთ. მასში იქნება სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როდის ჩაუტარდა ადამიანს სრული ვაქცინაცია, აქვს თუ არა გაკეთებული „პისიარ“ ტესტი, რა არის „პისიარ ტესტის“ პასუხი და კოვიდთან დაკავშირებული სრული ისტორია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება თუნდაც ქვეყნის გარეთ გასამგზავრებლად. მართალია, ჯერ სხვა ქვეყნები ჩვენსავით მხოლოდ ამუშავებენ მსგავს დოკუმენტებს, მაგრამ, მაგალითად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის უკვე არის ინფორმაციის მიმოცვლა და ჩვენ ამ შემთხვევაში ვიქნებით ერთ-ერთი პირველი, ვინც ასეთ ძალიან მორგებულ, სწრაფ და ტექნოლოგიურად განვითარებულ მექანიზმს შესთავაზებს ჩვენს მოსახლეობას“, – განაცხადა თურნავამ.