საქართველოში სამუშაოდ ჩამოსული 26 წლის ყაზახი ქალი, რომელმაც თავი მოიკლა, სავარაუდოდ, მისმა დის ქმარმა გააუპატიურა
საქართველოში სამუშაოდ ჩამოსული 26 წლის ყაზახი ქალი, რომელმაც თავი მოიკლა, სავარაუდოდ, მისმა დის ქმარმა გააუპატიურა.
ამის შესახებ ბრალდებულ ბესო თორდუას ჩვენებაშია ნათქვამი, რომელიც ,,კურიერმა” მოიპოვა.
ამ ეტაპზე, გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით ბრალი თავად თორდუას აქვს წარდგენილი.
“საქართველოში არ მაქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ვცხოვრობ ბელარუსში, თუმცა, მაქვს მანქანების ბიზნესი, ასევე, მყავს ნათესავები საქართველოში, რის გამოც ხშირად ჩამოვდივარ. სხვადასხვა ქვეყნიდან ვაწარმოებ ავტომანქანების ბიზნესს ყაზახეთში“, – ყვება ჩვენებაში ბრალდებული თორდუა.
დაკითხვის დროს ის აღნიშნავს, რომ მისმა ბიზნესპარტნიორმა მურატ მეირბეკოვმა კომპანიაში სამუშაოდ ჩამოიყვანა მისი ცოლის და, აისელ აიტპაევა.
“2021 წლის 27 აპრილს ყაზახეთიდან ჩამოფრინდა აისელ აიტპაევა, რომელიც იყო მურატის ცოლის და. სწორედ მურატმა უზრუნველყო საქართველოში მისი ჩამოსვლა. აისელი სამსახურში გამოვიდა 28 აპრილს. ის ჩამოსვლიდან ორი დღე იმყოფებოდა მურატთან რუსთავში და ღამეც იქ რჩებოდა,” – ამბობს ბესო თორდუა.
ის ყვება, რომ კლასიკური სამოსის შეძენის მიზნით საქართველოში ჩამოსული ქალი სადგურის მოედანზე, ბაზრობაზე წაიყვანა, რის შემდეგაც ქალმა რუსთავში, მის სიძესთან დაბრუნება აღარ ისურვა.
“ვაპირებდით, რომ ასელი დაგვეტოვებინა რუსთავში, მურატის სახლში, რა დროსაც ასელმა მითხრა, რომ არ უნდოა რუსთავში წასვლა იმიტომ, რომ მურატმა გააუპატიურა და მასთან აღარ დავბრუნდებიო. მე ეს ძალიან გამიკვირდა, რადგან ვიცოდი, რომ ასელი იყო მისი ნათესავი, კერძოდ კი – ცოლის და. აღნიშნულ საუბარს ასევე ისმენდა ბერდია კალანდიაც. ამაზე ძალიან გავბრაზდი, ამ დროს ასელმა მითხრა, რომ სურდა ჩემთან წამოსვლა დროებით დასარჩენად, თუ ამის საშუალება არ იქნებოდა, წავიდოდა სასტუმროში. მე ნაქირავები ბინა მაქვს ერთოთახიანი, თბილისში, კედიას ქუჩაზე, ნომერ 10 -ში, მე-8 სართულზე. ვცხოვრობ მარტო, შესაბამისად, ასელს ვუთხარი, რომ შეეძლო ჩემთან დარჩენა, რის შემდეგ ორივე წამოვედით ჩემთან ბინაში,” – წერს თორდუა, რომელიც ყაზახი ქალის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
გამოძიების ვერსიით კი, თორდუამ კედიას ქუჩაზე მდებარე სახლში აისელ აიტპაევა გააუპატიურა და ფსიქოლოგიური ზეწოლით თვითმკვლელობამდე მიიყვანა.
თავად ბრალდებული არ უარყოფს, რომ ყაზახ ქალთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა, თუმცა, ძალადობას არ ადასტურებს.
მისი თქმით, ტრაგედიის დროს ის აბაზანაში იყო შესული, როდესაც აისელ აიტპაევა მე-8 სართულის აივნიდან გადახტა. თორდუა მომხდარს სიძის მიერ ქალის გაუპატიურებას უკავშირებს. მიუხედავად ამისა, ბრალდებული ჩვენებაში არ უარყოფს, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა, ჩანთაში ჩაალაგა ტანსაცმელი და ზუგდიდში, ნათესავებთან ისე წავიდა, რომ კარიც არ ჩაუკეტავს.
წყარო: რუსთავი 2