პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილა.

მათივე ცნობით, დღევანდელ სხდომაზე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარკვეული შეღავათები დაუწესდეთ ფერმერებს, რომლებსაც იჯარით აღებული მიწის გამოსყიდვა სურთ. კერძოდ, ფერმერები, რომლებსაც შედარებით მცირე მიწის ნაკვეთები იჯარით აქვთ აღებული, მის შეძენას 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. გადაწყვეტილება 2000-მდე მოიჯარეს შეეხება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, გაიზარდოს სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებასა და დასაქმებას. ასევე, დღევანდელ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა – ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია პროგრამა „განახლებული რეგიონების” მიმდინარეობის შესახებ.
აღინიშნა, რომ აქტიურად იმართება სპეციალური კომისიის სხდომები, ხდება კონკრეტული არეალების შერჩევა, სადაც პროგრამით გათვალისწინებული პროექტები უნდა განხორციელდეს. პროგრამის ფარგლებში, გასული კვირის განმავლობაში, კომისიის სხდომები დასავლეთ საქართველოში გაიმართა. უპრეცედენტო პროგრამა “განახლებული რეგიონები”, რომელიც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება, საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტისა და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები